↰ სიახლეები
Featured

"საქართველოდან ზეცამდე"

საქართველოდან ზეცამდე


გაზეთი Heraldo de Aragon
26 თებერვალი, 2015

ეთნომუსიკოლოგ პოლო ვალეხოს ინიციატივით ქართული ანსამბლი "ბასიანი" ესპანეთში ჩამოვიდა. ეს ანსამბლი სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის შემადგენელი ნაწილია და მათი მოსმენა მსმენელზე დაუჯერებელ შთაბეჭდილებებს ახდენს.

"ბასიანი" საოცრად ერთიანია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გუნდის წევრები თითოეული ბგერით აძლიერებენ ერთმანეთს. მხარზე ხელის დაკვრით გამხნევებას გავს მათი სიმღერა. მღერიან ერთად, გრძნობით. შთაბეჭდილება გრჩება, რომ მზერითაც კი ყვებიან ბევრ რამეს... თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ჩვენ ასეთ ჰარმონიულ ვოკალურ ტექნიკას არ ვართ მიჩვეულები. თითოეული ხმა ძალიან მკაფიო და ჟღერადია. მრავალხმიანობაში იგრძნობა ინდივიდუალიზმიც. ვუსმენთ ტენორებს, რომლებიც იოდლს ასრულებენ. მათ ახასიათებთ ხმოვანი რეგისტრების სწრაფი ცვლა და გამოირჩევიან მაღალი ვირტუოზულობით. თითოეულ ხმაში განსაკუთრებული ტემბრი და ჰარმონია იგრძნობა. ...თუმცა არც ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

აუცილებლად უნდა შევეხოთ ამ წარმოდგენის მთავარ კონცებციას, რომელიც გულისხმობს საეკლესიო მრავალხმიანობის მისტიურობას, უნივერსალურ, პირდაპირ და გულწრფელ ლირიზმს. საოცარია, როდესაც თოთხმეტი განსხვავებული ხმა მთლიანობაში ჟღერს ძალიან ჰარმონიულად...

თუმცა არც ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

საბოლოოდ კი, რას მივიჩნევ ყველაზე შთამბეჭდავად? - ერთიანობას და ემოციას, რომელიც მოაქვს ამ ანსამბლს მსმენელამდე, რაშიც მას ეროვნული იდენტობა და კულტურული პარამეტრები ეხმარება. ჩემთვის "ბასიანის" მოსმენა დაკავშირებულია სწორედ ამ ასპექტებთან.