“ვარსკვლავური ანსამბლი “ბასიანი”... დახვეწილი... შთამბეჭდავად ლამაზი.“ - ნიუ იორკ ტაიმსი
ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“ 2000 წელს, საქართველოს საპატრიარქოში ჩამოყალიბდა, 2013 წელს კი მას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა.
დღიდან დაარსებისა „ბასიანი“ აქტიურად ჩაება ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის პოპულარიზაციის საქმეში - ექსპედიციებითა და კონცერტებით მოიარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, აღადგინა და გააცოცხლა სიმღერა-გალობის მივიწყებული არაერთი ნიმუში, მონაწილეობდა სახელგანთქმულ ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში, კონცერტები გამართა მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებსა და უნივერსიტეტებში, როგორებიცაა Auditorio Nacional de Musica - მადრიდი; Concertgebouw - ამსტერდამი; Gulbekian Great Hall - ლისაბონი (ერთობლივი კონცერტი სახელგანთქმულ ქართველ პიანისტ, ალექსანდრე თორაძესთან ერთად); იუნესკოს სათაო ოფისი (საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ანსამბლმა ერთობლივი კონცერტი გამართა სახელოვან ქართველ პიანისტ, ელისო ბოლქვაძესთან ერთად); დ. შოსტაკოვიჩის სახელობის სანქტ-პეტერბურგის აკადემიური ფილარმონიის დიდი დარბაზი; ფრანკფურტის რადიო hr2kultur; ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი (ლინკოლნის ცენტრის White Light Festival-ი), ნიუ იორკი (2012, 2019); Stanford Live’s Bing Concert Hall, CA; Cal Performances, CA; The Town Hall, NY; Krannert Center For the Performing Arts, IL; გამოფენის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ საზეიმო გახსნა ბორდოსა (საფრანგეთი) და ტოკიოში (იაპონია). და ბოლოს, ანსამბლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - ნიუ იორკის სახელგანთქმული ლინკოლნის ცენტრი Mostly Mozart Festival-ი, (ელის ტულის დარბაზი, 2010), სადაც შედგა კონცერტი, სახელად “ბახი და მრავალხმიანობები''. აქ „ბასიანმა“ წარადგინა ქართული ტრადიციული რეპერტუარი, ბახის, ლიგეტის, ქსენაკისის და სხვა დასავლეთ ევროპის გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებების გვერდით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მოვლენა სრულიად განსაკუთრებული გახლდათ არა მხოლოდ „ბასიანის“, არამედ მთელი ქართული ტრადიციული მუსიკის ისტორიაში!
„ბასიანის“ წარმატებული გამოსვლები არაერთგზის გააშუქა ამერიკულმა და ევროპულმა გამოცემებმა, როგორებიცაა The New York Times, Wall Street Journal, Los Angeles Times, New York Music Daily, Herald-Tribune და სხვა. სტატიის ავტორები ქართულ ტრადიციულ პოლიფონიას ზეციურ ხმოვანებას ადარებენ, „ბასიანს“ კი „არაამქვეყნიურს“, „მომაჯადოვებელს“ უწოდებენ.
კონცერტების კვალდაკვალ ანსამბლი მართავს ვორქშოფებსა და მასტერკლასებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, რომელთა შორისაა კალიფორნიის, ტექსასის, პრინსტონის უნივერსიტეტები, სანქტ-პეტერბურგის და პეკინის კონსერვატორიები; აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნაში მოღვაწე ქართულ და უცხოურ გუნდებთან.
ტრადიციული მიმართულების პარალელურად, ანსამბლი პერიოდულად ახორციელებს სხვადასხვა ავანგარდულ პროექტს, რომლებიც ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკალურ მიმდინარეობების შერწყმას ისახავს მიზნად. ასეთია 2012 - 2018 წლებში „ბასიანისა'' და ამერიკაში მოღვაწე ქართველ პიანისტ, გიორგი მიქაძის ერთობლივი პროექტები „ვოისა“ და „ქართული ობერტონები“, რომლებიც პეკინში, ბერლინში, ნიუ იორკსა და თბილისში წარმატებით წარადგინეს. აღსანიშნავია, აგრეთვე, გერმანიაში მოღვაწე თურქი მუსიკოსის, ბესტე აიდინისა და „ბასიანის“ ერთობლივი პროექტი „ჩელა“ - ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა და თანამედროვე ელექტრონული მუსიკა - რომლის პრეზენტაციაც 2020 წელს ბერლინში შედგა.
ანსამბლს დღემდე ჩაწერილი და გამოცემული აქვს ტრადიციული სიმღერა-გალობის 300-მდე ნიმუში, რომლებიც სხვადასხვა ალბომებში ერთიანდება და ვრცელდება მთელ მსოფლიოში.
სახელწოდება „ბასიანი“ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან მომდინარეობს. ეს მხარე ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე, ქ. არზრუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით იმყოფება. 1203 წელს სწორედ აქ მოხდა საქართველოს სამეფო ლაშქრის სახელოვანი ბრძოლა მომხდურთა წინააღმდეგ. მოპოვებულმა გამარჯვებამ კიდევ უფრო განამტკიცა იმდროინდელი საქართველოს პოზიციები ახლო აღმოსავლეთში.
საქართველოსთვის „ბასიანის ბრძოლა“ ასოცირდება ქვეყნის სიყვარულთან, თავდადებასთან, ერთობასთან და ამ ერთობით მიღწეულ დიდ გამარჯვებებთან. ჩვენც ვისურვებდით, მსგავსი თავდადებით ვემსახუროთ საყვარელ საქმეს.