↰ სიახლეები
Featured

"საქართველოს ნაწილი სარაგოსაში"

საქართველოს ნაწილი სარაგოსაში

ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2015

ბედნიერებაა, გქონდეს შესაძლებლობა მოუსმინო ქართულ ანსამბლ "ბასიანს", რომლის კონცერტი 24 თებერვალს სარაგოსაში შედგა. 
აშკარა იყო, რომ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებდი. აუცილებლად უნდა დავსწრებოდი და უნდა გამეხსენებინა მოგზაურობა საქართველოში, რომელიც 2011 წელს, აღდგომის დღესასწაულზე შედგა.
ევროპასა და აზიას შორის მოქცეულმა საქართველომ გაგვაოცა, აღტაცებაში დაგვტოვა. ვერ გეტყვით რა იყო ამის მიზეზი - სვანეთის მთები, საოცარი ღვინო, რომელიც აუცილებლად თამადის ხელმძღვანელობით უნდა დალიო, უამრავი ეკლესია, ხინკლის მადისაღმძვრელი სურნელი, თუ მთებში გამოკვეთილი მონასტრები. ასეა თუ ისე, მთავარია, საქართველომ ძალიან მიგვიახლოვა და მისი დავიწყება ჩვენთვის შეუძლებელი გახდა.
სწორედ ამ მიზეზების გამო წავედით "ბასიანის" კონცერტზე. ეს ანსამბლი სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდია და შედგება ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, მათი უმრავლესობა გამოირჩევა მუსიკალური განათლებით და წარმოადგენენ ოჯახებს, სადაც სიმღერა ტრადიციაა.
კონცერტზე შესრულდა ქართული საეკლესიო მრავალხმიანობა, რომლის მოსმენისას სევდის ნაცვლად თრობა უფრო გვეუფლებოდა. გვესმოდა საოცარი ჰანგები. ხანდახან ჰარმონიული ჩურჩული ისმოდა დარბაზში, რომელიც ცდილობდა სუნთქვა შეეკრა და არ დაერღვია არსებული ნეტარება. მთლიანობაში ეს ხმები იყო გამორჩეული ნაწილი მსოფლიო პანორამისა. ეს ჰანგები ერთდროულად პასუხობენ ტრადიციულობას და თანამედროვეობას. ეს არის მრავალხმიანობის არქივი, რომლის გაქრობაც შეუძლებელი გახადა ამ ანსამბლის არსებობამ.